„ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ უძველესი ქვევრების ისტორია
ლევან სეფისკვერაძე
სოფელ კაჭრეთთან თუკი გაივლით, თვალში მოგხვდებათ პროექტ „ღვინის გზის“ მიერ გაკეთებული აბრა მინიშნებით: „ვაჟა გეთიაშვილის მარანი“. ეს გარეკახეთში ერთ-ერთი პირველი საოჯახო მარანია, სადაც სახელობითი ღვინო ჩამოისხა. ვაჟა გეთიაშვილი კი თავის თაობაში ერთ-ერთი იშვიათი მეღვინე იყო, ვინც ათწლეულები ინდუსტრიულ მეღვინეობაში გაატარა, საკუთარი თავი კი მაინც საოჯახო მარანში იპოვა.
ღვინოები, რომლებსაც აქ გაგიხსნიან, 2010 წლის მოსავლიდან იწყება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კარგი მეღვინის ხელში საუკეთესო და მდგრადი ღვინოები იწარმოება, რა თქმა უნდა, სახლის პირობებში და რაც მთავარია, ბუნებრივად, დიდი ჩარევების გარეშე.
ამავე დროს, მარანში უცნაური სანახაობა გელოდებათ - ქვევრები, რომელთა ასაკს შორის სხვაობა ათას წელზე მეტია.
„ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ რქაწითელისა და საფერავის ღვინოებს საქართველოში უკვე დიდი ხანია იცნობენ. ამასობაში, მარანს ახლად გაშენებული იშვიათი ჯიშებიც წამოეწია და ასორტიმენტში ისეთ უნიკალურ ღვინოებსაც აღმოაჩენთ, როგორიცა „შავი რქაწითელი“, „გრძელმტევანა“ და „კახური ღრუბელა“.
სამწუხაროდ, მარნის სულისჩამდგმელი - ვაჟა გეთიაშვილი ცოცხალი აღარაა. მამის დაწყებულ საქმეს ახლა შვილები აგრძელებენ და წინაპრების ტრადიციასაც მიყვებიან. ვენახს ორგანული მევენახეობის პრინციპების დაცვით უვლიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ უარყვეს სისტემური პრეპარატები, ნიადაგს არ ამუშავებენ მძიმე ქიმიური წამლებით. ღვინოშიც არანაირ დამატებებს, მინარევებს და ფილტრებს არ ხმარობენ.
როგორც მარნის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი ამბობს, ღვინის ჩამოსხმა ისტორიის ბოლო ეპიზოდია, რაც კიდევ 1000 წლის წინანდელ ამბებს აცოცხლებს.
რეზო გეთიაშვილი, „ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ წარმომადგენელი: „საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერით კაჭრეთში „ღვინის სახლის“ პროექტი ხორციელდებოდა, რომელსაც ადგილობრივი მევენახეები „დაბოთვლაზე“ უნდა დაეფიქრებინა. პროექტი გულისხმობდა თანამონაწილეობას საკუთარი ვენახის ყურძნიდან სახლის პირობებში დაყენებული ღვინის პირველი პარტიის ჩამოსხმაში. მასში ასევე შედიოდა ზედამხედველობა და ინსტრუქტაჟი ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე, რომელსაც მეღვინეობის ექსპერტები ახორციელებდნენ. სწორედ აქ წარმოიშვა კლასიკური ფილოსოფიური დაპირისპირება მეღვინეობის ორ ფრთას შორის: ნატურალური და ტექნოლოგიური? მამაჩემისთვის ეს პრინციპული საკითხი აღმოჩნდა და თავისივე მეგობარი მეღვინეების მხარდაჭერით, იმ დროისათვის ჯერ კიდევ ექსპერიმეტული გზა აირჩია. ასე ითქვა უარი ღვინის ტექნოლოგების ინსტრუქციებზე და ჩვეულებრივი საოჯახო ღვინო ბოთლში აღმოჩნდა. ორგანული მეურნეობის იდეაც ამას მიება.
- მარანშიც ბევრი სიახლე გაქვთ...
- ბოლო წლებში, ძირითადად, ჯიშობრივი ასორტიმენტი გაიზარდა. აქედან ზოგი იმდენად იშვიათი ვაზია, რომ ბევრი ამ ღვინოებითაც გვიცნობს. თუმცა, მარანმა სახელი მაინც ტრადიციული მშრალი ღვინოებით გაითქვა. მაშინ კაჭრეთს, როგორც კახეთის სამივე წამყვანი ჯიშის – რქაწითელის, კახური მწვანისა და საფერავის გამორჩეულ მიკროზონას, მხოლოდ ლიტერატურული წყაროები და ღვინის მოყვარულების ვიწრო წრე აღიარებდა. საბჭოთა პერიოდიდან სოფელში მოცულობებზე ორიენტირებული ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელსაც საშუალო ხარისხის ღვინომასალისთვის საჭირო რეკორდული რაოდენობის ყურძენი უნდა გადაემუშვებინა. სწორედ ამ ფაქტორმა მიაყენა ჩრდილი მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას, სადაც ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების მარნებია აღმოჩენილი და საუკეთესო ღვინოების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, „შენიანის“ გამოჩენა ადგილობრივი მაღალხარისხიანი ღვინოების სეგმენტში საკმაოდ ამბიციური ამბავი იყო.
- სოფელში აღმოჩენილი ძველისძველი მარნები ახსენეთ. როგორც ვიცით, უძველესი ქვევრები თქვენს მარანშიც დაგვხვდათ.
- ძველი მარანი ბებიამ და პაპამ იპოვეს. ისინი გასული საუკუნის 50-იანი წლებში მთის პატარა სოფლიდან ჩამოასახლეს და კოლმეურნეობის სახნავი მიწები აქ არგუნეს. მშენებლობის დროს ხალხს ძველი ნასოფლარი დახვდა. არავის შეუსწავლია. კონკრეტულად ჩვენს ეზოში, დამხმარე ნაგებობების მშენებლობისას, 16 ქვევრი აღმოჩნდა, მიწაში ჭადრაკულად ჩადგმული. მეცნიერულად თუ ვიტყვით, შემორჩენილი იყო მხოლოდ ქვედა არქეოლოგიური ფენა, ქვევრების მუცლისქვედა ნაწილებით, ასევე მათში ჩაყრილი ქვევრის პირებისა და ერთი დოქის ნამტვრევებით. დანარჩენი, ძირითადი ისტორიული მასალა, ტრაქტორებს გაენადგურებინათ. ამ 16 ქვევრიდან ავთენტური სახით მხოლოდ ერთი გადარჩა, დანარჩენი კი - მხოლოდ ფრაგმენტები, რომლებსაც მთელი ჩვენი ბავშვობა სათონის გრძელი კედელი ეჭირა და ბოლოს ნახევრადქვევრებად შევაკოწიწეთ. ქვევრების ასაკისთვის მეგობარი ისტორიკოსები და არქეოლოგები 2000-2400 წელზე შეჯერდნენ.
ქვევრები კარის მეზობელმაც იპოვა. ასიოდე მეტრში წვიმამ გზა გადარეცხა და იქაც ქვევრი აღმოჩნდა. მეღვინეობის ისტორია თითქმის ყველა სოფელს აქვს. თუმცა, აქ მეღვინეობის უძელესი და საკმაოდ დიდი კერა ჩანს, სადაც ეს დარგი ყველა სხვა დარგზე დომინირებს.
- თითქოს არც არაფერი შეცვლილა - ღვინოს ისევ ქვევრში აყენებთ და როგორც ყველა კახელი, ალბათ, ქვევრის განსაკუთრებულობასაც აღიარებთ.
- მსოფლიო მეღვინეობას ჩვენ ორი რამ ვაჩუქეთ: ვაზის უნიკალური ჯიშები და ქვევრი, რომელშიც განსხვავებული ღვინოები მზადდება. ამის გაგრძელება ქარვისფერი ღვინის დაყენების ადგილობრივი ტექნოლოგიაა, რომელიც ქვევრიდან მოდის და ასევე გამოგვარჩევს მსოფლიოში. ქვევრის საშუალებით საქართელო შეიძლება ღვინის მუზეუმად და ღვინის ტურისტების სამოთხედაც იქცეს, სადაც ყველა ოჯახი ერთმანეთზე უკეთეს, სრულიად განსხვავებულ ღვინოებს აწარმოებს.
რაც შეეხება „შენიანის“ ღვინოებს, ძირითადად, ისევ ტრადიციულ კახურ მეთოდს ვიყენებთ – სექტემბერ-ოქტომბერში დაწურული ღვინო ჭაჭიდან მარტში იხსნება. თუმცა, ჯიშობრივმა მრავალფეროვნებამ უკვე ევროპული და ექსპერიმენტული ღვინოებისკენაც გვიბიძგა. ბუნებრივი მახასიათებლების შესანარჩუნებლად, ორგანული მეურნეობის წესებს, რა თქმა უნდა, ვენახშიც ვიცავთ და მარანშიც, სადაც ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა იკრძალება. დაწურვა, დაღვინება და დავარგება ხდება ქვევრებში, რომელსაც დაძველების დროს უჟანგავი ფოლადის ჭურჭელსაც ვაშველებთ. ბოთლში, ძირითადად, დაძველებული ღვინოები ისხმება, მინიმუმ ორი წლის შემდეგ, ხელოვნური ფილტრაციის გარეშე.
- უფრო ვრცლად გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ. როგორც ჩანს მეღვინეობა თქვენთვის ოჯახის ტრადიციული საქმეა.
- საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა თითქმის ყველა ოჯახის ტრადიციაა და იმდენად ცოცხალი, რომ მეღვინის სტატუსი დიპლომით კი არა, მემკვიდრეობით გაიცემა. კახეთში, მათ შორის, ჩვენს სოფლეშიც, შეიძლება მართლაც დიდი მეღვინეები აღმოაჩინოთ, არანაირი აკადემიური განათლება რომ არ მიუღიათ. თუმცა, კვალიფიკაციას და აკადემიურობასაც თავისი მოაქვს და ვთვლი, რომ ამ სფეროს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მეღვინეობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი ამავე სფეროში, სტაჟირება უცხოეთში და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის პრაქტიკა, რაც მამაჩემს ჰქონდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა „შენიანის“ შექმნისთვის. ოჯახში მის გზას ახლა ჩემი და აგრძელებს, როგორც კვალიფიციური მეღვინე, დანარჩენები კი გამოცდილებისა და ამ ტრადიციული ალღოს იმედზე ვართ.
იმასაც ვიტყვი, რომ გენდერული დისბალანსი ჩვენთან უფრო ქალების მხარეზეა და საკვანძო როლს მარანში დედაჩემი, ჩემი დები და დისშვილი ასრულებენ.
ვფიქრობ, ეს ღვინო და გვერდიგვერდ ჩალაგებული ძველი და ახალი ქვევრები, იმ ოჯახთანაც გაგვაერთიანებს, რომელიც ზუსტად იგივე მარანში ყურძენს საუკუნეების წინ წურავდა. „შენიანზე“ გაკეთებული წარწერაც აქედან მოდის: „ვაჟა გეთიაშვილის მარანი - გაცოცხლებული 1000 წლის ისტორია“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com