2025 წლის 10 მაისს თბილისში, მთაწმინდის პარკში, გაიმართა ყოველწლიური ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას თანამედროვე ქართული მეღვინეობის, აგრარული კულტურისა და ტრადიციული პრაქტიკის შესასწავლად. აღნიშნული ღონისძიება თანაბრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე საერთაშორისო ექსპერტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვევრის ღვინის ფენომენითა და საქართველოს ღვინის კულტურული მემკვიდრეობით.
საქართველო უკვე რამდენიმე ათეული წელია ღვინის კულტურის გლობალურ რუკაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს ახალი მოსავლის ღვინოების პოპულარიზაციას და მცირე, საოჯახო მარნების ხელშეწყობას. 2025 წლის ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ ღონისძიების მნიშვნელობა როგორც ეკონომიკურ, ისე კულტურულ ჭრილში.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 168 მეღვინემ მთელი საქართველოდან, მათ შორის ცნობილმა კომპანიებმა და მცირე საოჯახო მარნებმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2024 წლის მოსავლის ღვინოები, მათ შორის ქვევრში დაყენებული რქაწითელი, საფერავი, ციცქა და სხვა უნიკალური ქართული ჯიშები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეგუსტაციის ფორმატში გასცნობოდნენ რეგიონული მეღვინეობის სპეციფიკას.
ფესტივალი ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით დაიწყო და მასთან ერთად შესრულდა მრავალჟამიერი — სიმბოლური ჟესტი, რომელიც ქართული ტრადიციების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
აღნიშნული ფესტივალი ქართველ მეღვინეებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან და უცხოელ ექსპორტიორებთან, რაც საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციაში ეხმარებათ.
ახალი ღვინის ფესტივალი წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების შედეგად, მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებად იქცა, რასაც ადასტურებს ფესტივალში მონაწილე მეღვინეების ყოველწლიური რიცხობრივი ზრდა და ფესტივალის ათასობით სტუმარიც.
გაეცანით, ახალი ღვინის ფესტივალი 2025-ის მონაწილეების შეფასებებს ფესტივალთან დაკავშირებით.
თომა დუმბაძე - ღვინო პეტრა
ჩვენი მარანი მდებარეობს აჭარაში, ციხისძირში, იქვე გავხსენით კოტეჯების კომპლექსი და აქვე ვაწარმოებთ საკუთარ ღვინოებს. მე წინა წელს დავამთავრე აგრარული უნივერსიტეტი და დამთავრების შემდეგ მაშინვე დავიწყე საკუთარი ღვინის წარმოება. ზოგადად ვაწარმოებთ კახურ ჯიშებს და ერთს იმერულს. ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი მაქვს საფერავი, რქაწითელი, მანავის მწვანე და იმერეთიდან ციცქა. ტექნოლოგიას რაც შეეხება, შედარებით განსხვავებული ტექნოლოგიები გვაქვს გამოყენებული. რქაწითელი 40% ჭაჭაზე გვაქვს დაყენებული ნახევარი წლის განმავლობაში, საფერავი და კახური მწვანე 100% ჭაჭაზე ესეც ნახევარი წლის განმავლობაში, და ციცქა 100% ჭაჭაზე ცოტა განსხვავებულად, ესეც ნახევარი წელი. ოთხივე ღვინოს აქვს გავლილი მალოლაქტური დუღილი და საკმაოდ დაბალანსებული, არომატული, შედარებით რბილი ღვინოები გამოვიდა. რაც შეეხება ახალი ღვინის ფესტივალს, წელს საკუთარი ღვინოებით პირველად ვარ წარმოდგენილი, ეს ფესტივალი მეხმარება საკუთარი ღვინის პოპულარიზაციაში და უცხოელი იმპორტიორების მოძიებაში. ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ ამ ფესტივალით, რადგან ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს საქართველოში.
თემურ მახათაძე - მეღვინეობა პეტრა
ჩვენი მარანი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, უდაბნოში, ივრის ზეგანზე. ჩვენ მივყვებით ბიო მეურნეობას, როგორც მევენახეობას, ასევე მეღვინეობას. გვაქვს საფერავი, კაბერდე, თავკვერი და ჩინური. რაც შეეხება ახალი ღვინის ფესტივალს, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაიცნო ღვინის მოყვარული ხალხი და შენც, მეღვინემაც, გააცნო მათ ის ღვინოები, რომლებსაც აწარმოებ. პირველ რიგში, ეს ფესტივალი ურთიერთობების დამყარებისთვისაა შესანიშნავი საშუალება, ფესტივალის ფარგლებში ურთიერთობ როგორც მომხმარებელთან, ასევე კოლეგებთან, რომლებსაც შეგიძლია შენეული დაკვირვებები და გამოცდილება გაუზიარო და მათგანაც მოისმინო იგივე.
ირაკლი გვაზავა - მარანი გვაზი
ჩვენი ვენახები მარტვილის რაიონში მდებარეობს, ძირითადად, მეგრული, ენდემური ჯიშები გვაქვს გაშენებული. ცხადია, ოჯალეშით ვიწყებთ და მასთან ერთად გაშენებული გვაქვს სხვა არაერთი მეგრული ჯიში, რომლებსაც ნელ-ნელა ვამრავლებთ და ასე ვთქვათ, ვაფერადებთ ჩვენი ღვინის პალიტრას. ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ვართ ახალი ოჯალეშით, ოჯალეშს დავამატეთ ასევე მისი ცქრიალა ღვინო, ტრადიციული მეთოდით, 2022 წლის მოსავალია. აღსანიშნავია, რომ ეს ღვინო ძალიან მოსწონთ ჩვენს მომხმარებლებს, დამთვალიერებლებს, ღვინის ოსტატებს. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფესტივალის შინაარსს, იდეას — თავისი არსით არის უნიკალური, ვფიქრობ, სწორედ ამ ფესტივალის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი როლია, რომ ქართული ღვინო დღეის მდგომარეობით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის იდეის ავტორებს, დამფუძნებლებს, განმახორციელებლებს და ცხადია მათ, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com