მეთექვსმეტე „ახალი ღვინის ფესტივალი" თბილისში
ლევან სეფისკვერაძე
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ყველაზე ცნობილი და მასშტაბური ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებაა, რომელსაც ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს „ღვინის კლუბი“ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ სპონსორობით 2010 წლიდან ატარებს. ფესტივალმა რამდენჯერმე შეიცვალა ადგილმდებარეობა, თუმცა ბოლო წლებში მისი მასპინძელი უცვლელად მთაწმინდის პარკია და გამონაკლისი ამ კუთხით არც 2025 წლის 10 მაისი იყო.
წელს “ახალი ღვინის ფესტივალს დაახლოებით 10-15 ათასი ადამიანი სტუმრობდა და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ღონისძიება კორონა-პანდემიის შემდეგ ძველ მასშტაბებს დაუბრუნდა.
აკაკი გელოვანი, „გელოვანის მარანი“: „ამ დღეს ღვინის ყველა მოყვარული ელოდება, მაგრამ არანაკლებად ველოდებით ჩვენ - მეღვინეებიც. აქ ყველაზე კარგად ჩანს რა მოსწონს ხალხს, რას ანიჭებენ უპირატესობას და როგორი ტიპის ღვინოა პერსპექტიული. მიხარია, რომ ქვევრი და ქვევრის ღვინო იყო, არის და რჩება ქართული ღვინის სახედ“.
შალვა ალელიშვილი, მარანი „ღვინია“: „მე წარმოვადგენ მესხეთს. ასპინძაში მაქვს ვენახი და მარანი. ჩვენი მხარე ბოლო წლებში განსაკუთრებით დაწინაურდა მეღვინობის კუთხით და ხალხიც დიდ ინტერესს გამოთქვამს მესხური ჯიშებისადმი. ეს ყველაფერი ფესტივალებში მონაწილების გარეშე ვერ მოხდებოდა“.
ნატო ალთუნაშვილი, „ბირთვისის მეღვინეობის“ თანადამფუძნებელი:
„ჩვენ მეღვინეობა ახალი დაარსებულია, თითქმის ერთი წელია რაც ქვემო ქართლში, ბირთვისის კანიონთან ქვევრები ჩავრგეთ და ეკო-კონცეფციის მარანი ავაშენეთ (ნამჯამიწისა და მიწის უძველესი არქიტექტურით), ასეთივე მიდგომა გვაქვს ღვინის დაყენების მიმართ, შარშან ჩვენს მარანში, პირველად დავაყენეთ ბიო საფერავისა და ბიო ხიხვის, ასევე თავკვერისა და ჩინურის ნატურალური ღვინოები. „ახალი ღვინის ფესტივალი“ ის მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა, რომელმაც საშუალება მიგვცა ახალბედა მეღვინეებს ჩვენი პროდუქცია გაგვეცნო ღვინის მოყვარული ფართო საზოგადოებისთვის, ასევე ღვინის მზარდ და კონკურენტულ ინდუსტრიაში შთაბეჭდილება მოგვეხდინა და თავი დაგვემახსოვრებინა როგორც პროფესიონალი მეღვინეებისთვის, ისე „ჰორეკა სექტორისთვის“. ფესტივალმა ხელი შეგვიწყო სწორი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო გეგმების განვითარებაში, რაც ნებისმიერ ღვინის მარნისთვის უდიდესი სტიმულია. გავიცანით მონაწილე მეღვინეები და გავცვალეთ ძალიან ძვირფასი და საინტერესო გამოცდილება, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს“.
მაისი ის პერიოდია, როდესაც მეღვინეების დიდი ნაწილი ღვინოს ბოთლში ასხამს და სარეალიზაციოდ ამზადებს და სწორედ ამ დროსაა საჭირო მათი მხარდაჭერა როგორც ღვინის გაყიდვების, ასევე მარნის ცნობადობის გაზრდის კუთხით. მიუხედავად მთელს მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობის ზრდისა, ახალ დიდ თუ მცირე მარნებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ უცხოეთის ბაზრებზე ადგილის დამკვიდრება, რადგან ქართული ღვინის ბაზარი მცირეა და თვითკმარი.
ლუკა ბილიშვილი: ღვინო "ამიწიე": „ჩვენ "ღვინო ამიწიე"-ს წარმოდგენილი გვქონდა ახალი მოსავლის რაჭული ცოლიკაური და ალექსანდროულ-მუჯურეთული. გამორჩეული ალბათ იმით იყო რომ სხვა წლებთამ შედარებით მეტი ხალხი იყო. ფესტივალმა ჩვენთვისაც კარგად ჩაიარა და კარგი შეფასებები გვქონდა. მთლიანობაში კარგი ლამაზი დღე იყო და მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს".
ირაკლი სირაძე, მეღვინეობა „რერო“: „ფესტივალმა ძალიან საინტერესო იყო. ხალხიც საკმაოდ ბლომად მოვიდა. მიხარია, საზოგადოებას ძალიან დაეხვეწა წლების განმავლობაში ღვინის კულტურა, გემოვნება. საკმაოდ საინტერესოდ შეფასებები მივიღეთ სომელიეებს ძალიან მოეწონათ ეს ახალფეხადგმული ღვინოები და კარგი მომავალი უწინასწარმეტყველეს. წარმოდგენილი გვქონდა ახალი მოსავლის ციცქა, ცოლიკოური, ციცქა-ცოლიკოური, კრახუნა და ოცხანური საფერე“.
გიორგი სირაძე, მარანი „ორთომელი“: „წელს ახალი მარნები გამოჩნდნენ რომლებმაც ძალიან საინტერესო ღვინოები წარმოადგინეს და იმაზე წინ იყვნენ ვიდრე ჩვენ როცა დავიწყეთ ფესტივალში მონაწილეობა წლების წინ. ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით ბუდეშური საფერავით, ვარდისფერი ჩხავერით, წარაფით, კახური მცვივანით და ჩხავერის პეტ-ნატით. მთლიანობაში საინტერესო და ნაყოფიერი ფესტივალი გამოვიდა“.
საქართველოში სამწუხაროდ არ ვართ განებივრებული აქ ხშირად (წელიწადში რამდენჯერმე) ჩამოსული ღვინის ექსპერტების, ექსპორტიორების და ღვინის მაღაზიებისა თუ რესტორნების უცხოელი მფლობელების ხილვით და ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, და პირველყოვლისა „საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ სურს, რომ სტუმრების ჩამოსვლა ნაყოფიერი იყოს და მათ მაქსიმალურად ბევრი სხვადასხვა სტილის და საფასო სეგმენტის ღვინო გაასინჯონ და ასე მიაღებინონ ქართული ღვინის უცხოეთში გატანის გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომაც, „ახალი ღვინის ფესტივალით“ დაწყებული „მაისის ღვინის დღეების“ ტრადიცია სხვა ფესტივალებზეც გაგრძელდა და ჩამოსული უცხოელები ერთი ვიზიტით რამდენიმე ღვინის ღონისძიებაზე ახერხებენ მისვლას.
დანიელ სანსონე, სტუმარი საფრანგეთიდან: „ამდენ კარგ ღვინოში რთულია გყავდეს ფავორიტი და რომელიმეს მიანიჭო უპირატესობა, თუმცა, თუ არჩევაზე მიდგება საქმე, მაინც ქვევრის ღვინოებს მივანიჭებ უპირატესობას. ევროპაში ასეთი ღვინო განსაკუთრებულად ითვლება და ვფიქრობ მომავალში მთელს მსოფლიოში გახდება პოპულარული“.
ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობდნენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები, რომელთა ერთი ნაწილი საერთოდ პირველად იღებდა მონაწილეობას ამგვარ ღონისძიებაში. „ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობას იღებდა პრაქტიკულად ყველა ღვინის კომპანია, რომლებიც ღვინოს თითქმის მთელს მსოფლიოში ყიდიან. დიდი და მცირე მარნები წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილი კუთხიდან რომელთა შორის რასაკვირველია კახეთს განსაკუთრებული და პირველი ადგილი ეჭირა. კახეთის შემდეგ ყველაზე მეტი მეღვინე წარმოადგენდა ქართლს (როგორც შიდა, ასევე ქვემო ქართლს) და იმერეთს. ფესტივალზე ახალბედა მეღვინეები იყვნენ ჩამოსული რაჭიდან და ლეჩხუმიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. სასიხარულოა, რომ თანდათან ფეხს იდგამს აჭარული და მესხური მეღვინეობა, რაც აქამდე მხოლოდ ერთი ან ორი მარნით შემოიფარგლებოდა.
მარი გელაშვილი, მარანი „მოგზაური“: „წელს „ახალი ღვინის ფესტივალზე“ სამი განსხვავებული ღვინო წარვადგინეთ – როზე, საფერავი ძველი არხილოსკალოს ვენახებიდან და თავკვერი.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო და მრავალფეროვანი გარემოთი, რაც წლევანდელ ღონისძიებაზეც ნათლად იგრძნობოდა – წარმოდგენილი იყო მართლაც უნიკალური და მრავალფეროვანი ღვინოები. გულწრფელი მადლობა ყველა სტუმარს – როგორც პროფესიონალებს, ასევე ღვინის მოყვარულებს – ვინც დააგემოვნა ჩვენი ღვინოები და გაგვიზიარა გულახდილი შეფასებები. თქვენი დადებითი გამოხმაურება ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. განსაკუთრებული მადლობა ღვინის კლუბს ფესტივალის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის“.
პაატა აბაშიძე, „გიო პაპას მარანი“: „წელს ამ ღვინოს ფესტივალზე მეორედ მივიღეთ მონაწილეობა. წინა წელს ერთი ღვინით ვიყავით წარმომადგენილები (ქისი-რქაწითელი). წელს წარმოდგენილი გვქონდა 2024 წლის ქისი-რქაწითელი, მწვანე-რქაწითელი და საფერავი. აღნიშნული ყურძნის ჯიშები მოგვყავს ჩვენს ვენახებში სოფელ შაშიანში. „გიო პაპას მარნის“ იდეა არის ის, რომ ჩემი დიდი პაპის მარანი გაგვეცოცხლებინა. თითქმის საუკუნის ქვევრებში ვაყენებთ ღვინოს. ამჟამად მოგვყავს 4 სახეობის ყურძენი: ქისი, მწვანე, რქაწითელი და საფერავი. წელს დავრგეთ ხიხვი და ვაპირებთ თეთრი ბუდეშურის გაშენებას. შარშანდელი გამოცდილების შემდეგ ცოტა გავიზარდეთ და წელს მიღებული გამოცდილებით კიდევ წინ წავალთ, რადგან ფესტივალი ამის საშუალებას იძლევა“.
10 მაისს მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალზე“ მისულ ადამიანს ჭაშნიკის გარდა საკმაოდ იაფად შეეძლო შეეძინა მის მიერ მოწინებული ღვინოები. წელს განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ როგორც ძველი, ისე ახალი ღვინით დაინტერესებული მოვაჭრეები და ქართული თუ უცხოური ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები. შევხვდით ღვინით მოვაჭრეებს არამხოლოდ ევროპიდან და ამერიკიდან, არამედ ჩვენი მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც. მათი საქართველოში სტუმრობის მიზანი გახლდათ შეერჩიათ ღვინოები და ის მარნები, რომლებთანაც შემდგომში გრძელვადიანად ითანამშრომლებდნენ.
კახა სამსონაძე, ღვინის მაღაზია „ფიროსმანის“ მფლობელი: „უკვე ოთხ გლეხს მოველაპარაკე და მთელი წელი ისინი მოგვამარაგებენ ღვინით. ვაგრძელებ ძიებას და გეგმაში მაქვს ათამდე მცირე მარანს შევუთანხმდე. ორიენტირი სწორედ მცირე მარნებზე გვაქვს, რადგან მათი ღვინო ფასითაც ხელმისაწვდომია და არც ხარისხი დაეწუნებათ“.
ოთარ მუმლაძე, მარანი "ვაკევისა": "ახალი ღვინის ფესტივალი“ ერთ-ერთი გამორჩეული დღეა ჩვენთვის. შესაძლებლობა გვქონდა წარგვედგინა ჩვენი ახალი ცქრიალა ღვინოები, ციცქა, ქვიშხური, მცვივანი. ფესტივალი ხალხმრავალი იყო, ამინდიც შესაფერისი, უამრავი დადებითი შეფასება მივიღეთ. ადამიანები ჩვენ დახლთან მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდნენ, რამაც ძალიან გაგვახარა, გვიხარია რომ ამ მაშტაბურ ფესტივალში ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ“.
ილია ჯანჯალაშვილი კომპანია ვაინ ჰორიზონტი Wine horizon: „ფესტივალმა ჩაიარა ძალიან კარგად. პირველყოვლისა ვგულისხმობ ორგანიზებას. ქართლელების სექტორში ვიყავი და დიდად სხვა ღვინო არ გამისინჯავს, (დაკავებულობის გამო) მაგრამ ჩემმა საყვარელმა მწვანემ (რომელიც რამოდენიმე მარანს ჰქონდა წარმოდგენილი) კიდეც ერთხელ დამარწმუნა, რომ შედევრია და აუცილებალად დავამატებ ჩემს სახეობებს. დიდი მადლობა ყველას ამ მაგარი დღისთვის“.
ფესტივალზე ღვინის გარდა ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ღვინოსთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. ასევე ნახატები, სამკაულები და სხვა...
ნინო გოზალიშვილი, „ღვინო ვერხვიანი“: „ჩვენთვის, „ღვინო ვერხვიანისთვის“, პირველი „ახალი ღვინის ფესტივალი“ 2018 წელს იყო, სადაც საცდელად ჩამოსხმული 50 ბოთლი საფერავი გვქონდა. პირველი შთაბეჭდილებები რა თქმა უნდა ძალიან დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული იყო. მას შემდეგ ზოგიერთ წელს ვმონაწილეობდით, ზოგჯერ მხოლოდ სტუმრად მოვდიოდით. ამ ფესტივალზე ყველაზე ბევრი ღვინის მოყვარული იკრიბება, ამიტომ გადავწყვიტე წელს ღვინოსთან ერთად ჩემი ნამუშევრებიც წარმომედგინა, რომლებიც ღვინის თემატიკაზე, "ილეკრონის" სახელით მქონდა გაკეთებული.
ამ წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებიც მხოლოდ ღვინით მიცნობენ და ასევე ვინც მხოლოდ ნამუშევრებით. ახლა კი შესაძლებლობა მომეცა ყველასთვის ეს ორი სფერო მეჩვენებინა და ამიტომ ჩემთვის ეს ფესტივალი განსაკუთრებული იყო. ღელვა და პასუხისმგებლობაც ორმაგი იყო, მაგრამ ასევე სიხარული, მადლიერება და კმაყოფილებაც. ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის ღვინის და ჩემი ნამუშევრების მოყვარულებთან შეხვედრა, საუბარი და მათი შეფასებების მოსმენა. ამისთვის კი „ახალი ღვინის ფესტივალი“ საუკეთესო შესაძლებლობაა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმ ძალისხმევისა და სიყვარულისთვის, რასაც ამ ფესტივალში დებენ“.
როგორც ფესტივალის სტუმრები ამბობენ, წელს მთავარი სასიხარულო სიახლე უცხოელი სტუმრების არნახული სიმრავლეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წინ მივდივართ და ვვითარდებით. ქართული ღვინო მთელს მსოფლიოში ხდება პოპულარული. სასიხარულოა, რომ საქართველო ღვინის კუთხით კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და „ახალი ღვინის ფესტივალი“ ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მეღვინეობაში არსებულ ტენდენციებსა და იმ პოტენციალს, რომელიც ქართულ ღვინოს ყოველთვის ჰქონდა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com