- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?
- კრიკინას მარანი მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, ლეჩხუმში, კონკრეტულად კი სოფელ ზედა საირმეში. დაარსდა 2022 წელს „აწარმოე საქართველოში“-ის გრანტის ხელშეწყობით. მეღვინეობის სფერო ჩემი ბავშვების ოცნება ნამდვილად არ ყოფილა, მეტიც პირველი ინტერესი ამ სფეროში 16-17 წლის ასაკში გამიჩნდა, როცა პირველად მოვხვდი ღვინის ფესტივალზე და მივხვდი თუ რამდენად მრავალფეროვანი ასორტიმენტი არსებობს მეღვინეობის სფეროში და გადავწყვიტე, რომ ამ მრავალფეროვნების ნაწილი მეც გავმხდარიყავი. გარდა ამ ფაქტორისა რა თქმა უნდა უდიდესი როლი ჰქონდა ჩემ სოფელს და ბაბუას, რამაც ამ სფეროსთან კიდევ ურო დამაახლოვა. საბოლოოდ კი გადავწყვიტე ჩამებარებინა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და საფუძვლიანად შემესწავლა მეღვინეობა-მევენახეობის სფერო. მთელი ამ სასწავლო პერიოდის განმავლობაში მიღებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამ სფეროში ჩემი საკუთარი გზა გამეკვალა და ჩემს მეგობრებთან ერთად შექმნილი საკურსო ნაშრომის კონცეფცია სახელად „კრიკინა“ ჯერ-ჯერობით არც ისე სრულყოფილ, მაგრამ პატარა საოჯახო ტიპის მარნად მექცია.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?
- დღეს არსებული ვენახი ბაბუაჩემის მიერ არის გაშენებული და ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 90% ცოლიკოურის მწვანე კლონის ჯიშითაა წარმოდგენილი. დარჩენილი მცირე რაოდენობა კი ციცქა გახლავთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ჯიშებზე და უფრო მეტაც ცოლიკოურზე ვარ ორიენტირებული. მსურს არსებული ვენახის გაფართოება და ასევე ვფიქრობ უახლოეს მომავალში სხვა რეგიონის ჯიშების გამოყენებასაც, მაგრამ ამ ეტაპზე არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ ჯიშებს გამოვიყენებ ღვინის წარმოებისთვის.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ამ ეტაპზე კრიკინა წარმოდგენილია ორი კატეგორიის ღვინით: კრიკინას ცქრიალა ღვინო, რომელიც დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ლეჩხუმში მოწეული ცოლიკოურის და ციცქას ყურძნის ჯიშებით, ცქრიალა ღვინის დაყენების ტრადიციული, ბოთლური მეთოდით.
ასევე გვაქვს კლასიკური მეთოდით დამზადებული კრიკინას ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელიც ასევე მხოლოდ ლეჩხუმში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგანაა დამზადებული. 2024 წლის მოსავალში ასევე დაემატა ნახევრად მშრალი ცოლიკოურის კატეგორია, რომელიც იმედი მაქვს პირველად იქნება წარმოდგენილი 2025 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე.
-რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?
- როგორც ცქრიალა ღვინის ტრადიციული მეთოდით მწარმოებელისთვის, მთელ ამ პროცესში ყველაზე სასიამოვნო ნაწილი არის დეგორჟაჟის დროს საცობის გასროლის ხმა, რომლის მოსმენაც თითოეული ბოთლის გახსნისას უკვე წარმატებულად ჩატარებულ პროცესთან ასოცირდება ჩემთვის.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- პირველად რეალიზაცია ღვინის ბარებში და მაღაზიებში დავიწყე და დღემდე ამ ტიპის ობიექტებში ვაგრძელებ, რადგან ჩემი წარმოების რაოდენობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა რეალიზაციის საშუალებები არ გამომიყენებია. დიდი რაოდენბით ღვინის მაღაზიებში/ბარებში არ შემაქვს პროდუქცია რადგან ჩეცმთვის მნიშვნელოვანია ჩემი მიწოდების რესურსის სწორი გაანგარიშება. პლუს ამას მაქსიმალურად სიფრთხილით ვეკიდები ობიქტის შერჩევას. სამწუხაროდ დღემდე ძალიან ბევრი ამ ღვინის რეალიზაციაზე ორიენტირებული ობიექტი უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის მოვალეობას ძირითადად ფინანსური ანგარიშწორების კუთხით, რაც ჩემი აზრით უპატივცემულო დამოკიდებულებაა მეღვინეს მიმართებით. რა თქმა უნდა პირადი გამოცდილებით მქონია ასეთ ბართან შეხება და სწორედ ამ უპატივცემულო დამოკიდებულების და ფინანსური დავალიანების მიზეზით შემიწყვეტია პარტნიორობა.
რაც შეეხება დღეს კრიკინა წარმოდგენილია მხოლოდ 4 ობიქტში: დადი, 8000 მოსავალი, ლოლა და პეტ ნატში. ამ ობიქტებიდან კი განსაკუთრებით გამოვარჩევდი ღვინის ბარ დადის, რომელიც ყოველმხრივ იდიალური პარტნიორობით გამოირჩევა რეალიზაცია-ანგარიშწორების კუთხით.
-გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
- ჯერ-ჯერობით არა.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- როგორც უკვე აღვნიშნე რეალიზაციის ნაწილში შექმნილი უპასუხისმგებლო სიტუაციები ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა ისეთი ტიპის მარნებისთვის როგორიც კრიკინაა, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მივიჩნევდი სარეალიზაციოდ განკუთვნილი ვენახების შეწამვლის ინტენსივობას. მიმაჩნია, რომ მეტად უნდა კონტროლდებოდეს და სავალდებულო უნდა იყოს გასაყიდად განკუთვნილი ყურძნის ის გზა რასაც ის მეღვინემდე ან თუნდაც სუფრამდე გადის.
სხვა სახის პრობლემა პირადად მე არ შემქმნია, მაგრამ ასევე ვიტყოდი რომ ღვინის ფალსიფიკაციის ნაწილშიც არის კიდევ ბევრი სამუშაო როგორც სახელმწიფოს ისე ხალხის თვითშეგნების მხრიდან.
- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?
- რა თქმა უნდა ყურძნის ხარისხი უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი ღვინის მისაღებად, მაგრამ ჩემი აზრით მეღვინეობაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჰიგიენა. დაწყებული ყურძნის მიღება-დამუშვებიდან დამთავრებული ბოთლში ჩამოსხმამდე. ერთი მცირედი დარღვევა ჰიგიენის ნაწილში კრიტიკული რისკის ქვეშ აყენებს ღვინის სწორ და ჰარმონიულ განვითარებას.
- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- სიახლეების დანერგვა და ტრადიციებთან ამ ყველაფრის ჰარმონიზაცია.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- ჯერ მეც დამწყებად ვთვლი თავს ამიტომ დიდ განსაკუთრებულ რჩევას ნამდვილად ვერ გავცემ, მაგრამ მეღვინეობა შეცდომის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან ყოველთვის არის რაღაც ახალი რაც შეიძლება შეგეშალოს პროცესისას, მითუმეტეს თუ რაღაც ახალს ეჭიდები. მაგრამ მეღვინეობა გაძლევს საშუალება ეს შეცდომა გამოასწორო ან ვერ გამოასწორო, მაგრამ რაღაც შედეგზე მაინც გახვიდე. მთავარია ამ შეცდომის გააზრება და სწორი ანალიზი. ეს ყველაფერი კი ჩემი აზრით დრო და დრო გაყალიბებს გამოცდილ და კარგ მეღვინედ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკით, ცდით და ანალიზით იღებ რაღაც ახალს და განსხვავებულს მეღვინეობაში.
მარნის მისამართი: ლეჩხუმი, სოფელი ზედა საირმე
ტელეფონი: 551543191
ელფოსტა: iraklikhutsidze20@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.instagram.com/krikina_winery/
https://www.facebook.com/profile.php?id=61553317734705&mibextid=LQQJ4d
© ღვინის კლუბი/vinoge.com