ქართული ღვინის ინდუსტრია მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდება. ბოლო წლებში მსოფლიო და შიდა ფაქტორების კომბინაციამ გამოიწვია ბაზრის დაღმასვლა და კონკურენტუნარიანობის დაკარგვა, რაც განსაკუთრებით აზიანებს ღვინის მწარმოებლებს და მათ პერსპექტივებს.
ამ სტატიაში გავაანალიზებთ იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც ქართული ღვინის ინდუსტრია აწყდება. FB გვერდზე დისკუსიაში ჩვენმა მკითხველმა სხვადასხვა საინტერესო მოსაზრება დააფიქსირა.
მთავარი პრობლემები
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც ქართულ ღვინოს აწუხებს, გახლავთ კონკურენცია ევროპულ ღვინოებთან. როგორც კომენტარებში აღნიშნავენ, ქართული ღვინის ინდუსტრია ვერ შეძლებს კონკურენციის გაწევას ევროპულ ღვინოებთან, რადგან ისინი ტექნოლოგიურად ბევრად წინ არიან. ამასთანავე, ქვევრის ღვინო, როგორც ნიშური პროდუქტი, დიდ ბაზრებზე ნაკლებად წარმატებულია, განსაკუთრებით უცხოელი მომხმარებლისთვის, რადგან მისი გემური თვისებები ბევრისთვის უცხო და გაუგებარია.
მარკეტინგული სირთულეები და მაღალი ფასები
ღვინის ფასი, რომელიც ხშირად მერყეობს და ხშირად მაღალია, კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს. ლანა შაიშმელაშვილი ამტკიცებს, რომ ქართული ღვინის ფასი არარეალურად მაღალია, რაც ართულებს მას კონკურენციას სხვა ქვეყნების ღვინოებთან. მარკეტინგული პრობლემებიც სახეზეა — ღვინის სტორიების მოყოლა და მარნის ისტორიის გაწერაა აუცილებელი. უცხოეთში მცხოვრები მომხმარებლებისთვის ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტის ცნობადობას: “ქვევრის ღვინო ნიშური პროდუქტია, რომელიც, ჩემი დაკვირვებით, ინტერესესს და მოწონებას ძირითადად ღვინის მოყვარულ/მცოდნეებში იპყრობს. ამიტომ ალბათ უკეთესი იქნებოდა სხვა ტიპის ღვინოებზეც გაკეთედეს აქცენტი. მითუმეტეს ქვევრის ღვინო ქართული ღვინის პროდუქციის სულ რამდენიმე პროცენტს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო ართულებს უფრო დიდ მასშტაბზე გასვლას. ვეთანხმები უკვე ნახსენებ ადგილწარმოშობის მეტად კონტროლს. ყველა წამყვან ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება ადგილწარმოშობა, რაც უზრუნველყოფს შესაბამის ხარისხს, ფასს და პოპულარულობას. ქართული ღვინის ფასი არარეალურად მაღალია, რაც კიდევ უფრო ართულებს კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნის ღვინოებს, რომლებიც უკეთეს ხარისხს უფრო დაბალ ფასში სთავაზობენ მომხმარებლებს. ჩვეულებრივი მომხმარებელი დიდი შანსია, რომ არ შეიძენს უცხო ქვეყნის (ამ შემთხვევაში - საქართველოს) ღვინოს, რომელიც 5.99€ ზე მეტი ღირს.
უფრო უკეთესი მარკეტინგი არის საჭირო და ვფიქრობ უმჯობესი იქნება ყველა რეგიონს თუ თავისი მარკეტინგი ექნება, რათა მთელი რეგიონი ღვინის გარშემო “გაპიარდეს”. ამის ძალიან კარგი მაგალითი იტალიაა. ვფიქრობ, რომ ღვინის გაყიდვის ყველაზე კარგი საშუალება story telling არის, რაც მოიცავს მარნის ისტორიის მოყოლას, საკუთარ თანამშრომლებზე, მეღვინეზე თუ მევენახეზე თუ მფლობელზე. ძირითადად ეს ინფორმაცია დაფარულია და არავინ იცის ვინ დგას ბოთლის უკან, ან რამდენი შრომა იყო ჩადებული თითოეულ ბოთლში.”
პესტიციდები და ბიო ღვინო
პესტიციდების გამოყენება და მათი მაღალი დონე ერთ-ერთი სერიოზული საკითხია, რასაც ზურაბ ქუმსიაშვილი აღნიშნავს. მისი აზრით, საქართველოში პესტიციდები 3-4 ჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოში საშუალოდ. ამასთანავე, ბიო ღვინოების წარმოება საქართველოში არ შეესაბამება მაღალი მოთხოვნის სტანდარტებს. როგორც მან აღნიშნა, დასავლეთში ბიო ყურძენი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს, რათა წარმატება მიაღწიოს, მაგრამ საქართველოში ეს პრობლემა ჯერ კიდევ ვერ არის გადაჭრილი: “მსოფლიო ბაზარს ვერ ვუწევთ კონკურენციას ერთი მიზეზის გამო: საქართველოში პესტიციდები 3-4ჯერ მეტი რაოდენობით გამოიყენება, ვიდრე მსოფლიოში საშუალოდ. დაშხამულ ღვინოს საქართველო საშუალოდ 1.8$-ად ყიდის. საერთოდ რაზეა საუბარი? ეს დაშხამვა ეხება მთელს სოფლის მეურნეობას ქვეყანაში. ინდოეთის სიკიმის შტატმა საერთოდ აკრძალა პესტიციდები და გაუათმაგდათ გაყიდვებიც და ფასებიც.”
რუსეთის ბაზარი და პოლიტიკა
რუსეთის ბაზარი, რომელსაც ბევრი ადამიანი უფრო მომგებიანად მიიჩნევს, კრიზისს უახლოვდება. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბაზარი ხშირად გამოიყენება მხოლოდ იაფი, ინდუსტრიული ღვინის ექსპორტისთვის. შესაბამისად, ქართული ღვინო, რომელიც უკეთესი ხარისხისაა, ვერ აღწევს სარგებელს ამ ბაზრისგან. ასევე ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებულია, განაპირობებენ ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებს.
შიდა ბაზრის პრობლემები
შიდა ბაზარზე, განსაკუთრებით რეგიონებში, ღვინო არ აღიქმება როგორც ხარისხიანი პროდუქტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ღვინის ფასი მაღალია. გაჟღერდა მოსაზრება, რომ საზოგადოება ირონიულად უყურებს მაღალი ფასის მქონე ღვინოებს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური რესურსები არსებობს. დავით მოსულიშვილი კი ამბობს, რომ ხშირად პრობლემები უფრო გადახდისთან არის დაკავშირებული, ვიდრე თავად პროდუქტის გაყიდვასთან.
სასიცოცხლო ნაბიჯები გამოსავლად
მოსაზრებები, რომ ქართული ღვინო უნდა განვითარდეს და მეტი განათლება და მარკეტინგული გეგმა შეიქმნას, წარმოადგენს მთავარ გზას, რათა ღვინო გაათავისფელოს უცხო ბაზრებზე. ლაშა გურული მიიჩნევს, რომ შიდა ბაზარზე გვაქვს პრობლემები: ქართული ღვინის კრიზისი შიდა ბაზარზე უფრო მგონია. თორემ გარე ბაზარზე მეტი ღვინის მწერლები, მეტი დეგუსტაციები, მეტი ცნობადობაა საჭირო, რასაც ვინც მოინდომებს, ყველა უნდა აკეთებდეს საზღვარგარეთ. ყველა უნდა იყოს ქართული ღვინის დესპანი. ამისთვის კი მეტი განათლება უნდა მიიღოს ბევრმა მოქალაქემ ამ დარგში. სამეგრელოში და აჭარაში ვერ დაგვიმკვიდრებია ღვინის კულტურა და, ევროპა ამერიკას ვეჭიდებით”
ქართულმა ღვინის ინდუსტრიამ, მიუხედავად რთული ვითარებისა, უნდა მოძებნოს გამოსავალი. მეღვინეებმა, მარკეტოლოგებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა გლობალური ბაზრების საკვანძო მოთხოვნებს უპასუხონ. წინსვლა და წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ღვინის ხარისხზე, არამედ მასზე არსებული ფასის, სერტიფიკატების, მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომლებიც დღეს უკვე კონკურენციის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com