Taste Atlas მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხორვატიული სამოგზაურო გზამკვლევია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, ალკოჰოლური სასმელებისა და კვების კრიტიკოსთა მიმოხილვებს, კვლევით სტატიებსა და რეცეპტებს. ამჯერად კი მკითხველს ყველაზე ცნობილ და გამორჩეულ ქართულ ალკოჰოლურ სასმელებსა და ღვინის კატეგორიებს აცნობს.
მიმოხილვას იწყებს ციცქათი, დასავლეთში ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშით, რომელიც მაღალხარისხოვან სუფრის ნაზ თეთრ ღვინოს იძლევა: “ამ გვიან მომწიფებული ყურძნისგან შესანიშნავ და დასამახსოვრებელი ხარისხის ღვინოებს წურავენ, რომლებიც, როგორც წესი, ძალიან მსუბუქი და ცოცხალია, ყურძენს ძირითადად ურევენ ცოლიკოურსა და ხანდახან კრახუნას. მშრალი ციცქას ღვინოები არის ძალიან არომატული და, როგორც წესი, მჟავიანობით გამორჩეული. ახასიათებს მწვანე ვაშლის, ნესვის, ცაცხვის, მსხლისა და ლიმონის არომატები.” - აღნიშნავს ავტორი და ნიმუშად “მეღვინეობა ხარებასა” და “ბაიას ღვინოს” ციცქა მოჰყავს.
შემდეგ კი თავკვერს განიხილავს, რომელიც ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და განკუთვნილია ღია წითელი ფერის ღვინოების დასაყენებლად. იმის გამო, რომ მას, როგორც წესი, მსუბუქი ხასიათი აქვს, ხშირად “ახალგაზრდასაც” მიირთმევენ: “თავკვერს დასამახსოვრებელი ხილის არომატი აქვს,მასში ალუბლის, ჟოლოს, ქლიავისა და შავი მოცხარის ნოტებს აღმოაჩენთ. ზოგ თავკერში პიკანტურ, მიწის ნოტებსაც იგრძნობთ” - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ავტორი “გურამიშვილის მარნის”, “შატო მუხრანისა” და “ჭოტიაშვილის მარნის” თავკვერს განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევს.
ცოლიკოური დასავლეთშია გავრცელებული, რომლისგანაც სხეულიან, შინაარსიან და ხალისიან ღვინოებს წურავენ, ავტორი მის არომატებსა და ხასიათზე წერს: “ცოლიკოურისგან წარმოებული ღვინო ყვავილოვანი არომატებითა და სხვადასხვა ხილის სურნელებით ხასიათდება, არის სხეულიანი და კაშკაშა. ძირითადად აქვს მსხლისა და კომშის არომატები ციტრუსოვან ნიუანსებთან ერთად.” მკითხველს “კანკატელას”, “თელიანი ველისა” და “ბაიას ღვინოს” ცოლიკოურს ურჩევს.
ავტორი საუბრობს შავკაპიტოზეც და განსაკუთრებულ რეკომენდაციას “ბარბალეს” 2020 წლის, “შატო მუხრანისა” და “გურამიშვილის მარნის” 2017 წლის შავკაპიტოს უწევს. ეს ვაზის ჯიში ქართლის რეგიონში ხარობს და, როგორც წესი, წითელი და მუქი ხილის სურნელება აქვს, ზოგჯერ ავლენს მცენარეულ ნიუანსებსა და დახვეწილ კვამლის ნოტებს.
ჩინებულზე საუბრისას კი სტატიაში “იაგოს ღვინოს”, “ხოხბის ცრემლებისა” და “გოცას” ჩინური მოჰყავს მაგალითად და როგორც ვკითხულობთ, ძალიანაა მოხიბლული მათი არომატებითა და სურნელებით. სტატიას სრულად შეგიძლიათ taste atlas-ის გვერდზე გაეცნოთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი